პროექტი უპირატესად გულისხმობს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და ასევე, ინდუსტრიის საჭიროებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობით, განვითარებასა და განხორციელებას.

კერძოდ, პროექტის მიზანია საქართველოს ორ რეგიონულ უნივერსიტეტში საინჟინრო პროფილის კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და ზოგადად, რეგიონულ უნივერსიტეტებში  დისტანციური საინჟინრო სწავლებისთვის მეთოდური და ტექნოლოგიური საფუძვლების შექმნა.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ),  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თესაუ) შემადგენლობით. საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გააჩნია ულტრათანამედროვე ლაბორატორიული ბაზა, რომელიც იძლევა ნატურული ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას. ცნობილია, რომ მეთოდური თვალსაზრისით ნატურული ექსპერიმენტი ლაბორატორიულ სწავლებაში ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ტრადიციული ლაბორატორიული ან თუნდაც ვირტუალური. ამ ეტაპზე, რეგიონული უნივერსიტეტები მოკლებულნი არიან ამ შესაძლებლობას. პროექტის მეშვეობით, მათ გაუჩნდებათ წვდომა სტუ–ს ლაბორატორიულ ბაზასა და მაღალკვალიფიციურ პერსონალზე. რეგიონულ უნივერსიტეტებში მოხდება ლაბორატორიულ სწავლებაზე დაფუძნებული, დასაქმების ბაზარზე მორგებული მაღალტექნოლოგიური სასწავლო კურსების დანერგვა/განვითარება. წარმოდგენილი მიდგომით, პარტნიორი უნივერსიტეტები ერთობლივად მოახდენენ სტუ–ში  არსებული სასწავლო კურსების მოდიფიცირებას რეგიონული  და დისტანციური ლაბორატორიების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამ მიზნით, უნივერსიტეტების მიერ ერთობლივად:

  • დამუშავდება მეთოდოლოგიური მიდგომა დისტანციურ ლაბორატორიულ სწავლებასთან ადაპტირებული საინჟინრო პროფილის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის.
  • მოდიფიცირდება და რეალიზდება საინჟინრო პროფილის საგანმანათლებლო პროგრამები ახალი სასწავლო კურსების გათვალისწინებით.
  • დამუშავდება დისტანციურ ლაბორატორიულ სწავლებასთან ადაპტირებული სასწავლო ლიტერატურა და მეთოდური სახელმძღვანელოები.
  • მომზადდება რეგიონულ უნივერსიტეტებში მოდიფიცირებული პროგრამების შემსრულებელი პედაგოგიური და დამხმარე პერსონალი.
  • პილოტური დანერგვის პირობებში შეფასდება/კორექტირდება მეთოდური და ტექნოლოგიური მიდგომები.

შედეგად, რეგიონულ უნივერსიტეტებში ლაბორატორიული სწავლება განხორციელდება დისტანციური ექსპერიმენტის გზით სტუ–ს ლაბორატორიაში, კერძოდ, ქართული ინოვაციის – დაპატენტებული ტექნოლოგიის „დისტანციური ლაბორატორიული სისტემა“ (პატენტი # GEU20222123Y) გამოყენებით. პროექტის ფარგლებში, რეგიონულ უნივერსიტეტების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისთვის შეიქმნება ნატურული ლაბორატორიული ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა. ამასთან, ყველა პარტნიორ უნივერსიტეტში გაძლიერდება კომპიუტინგის და მასთან ასოცირებული დარგების საგანმანათლებლო პროგრამები თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სასწავლო კურსებით, რაც ხელს შეუწყობს შრომითი ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას. პროექტში განვითარებული მიდგომის გამოყენება ეხმიანება საინჟინრო სპეციალობების შესწავლის პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების წინაშე მდგარ გამოწვევებსაც. პროექტი ქმნის უნივერსიტეტების კოლაბორაციის კარგ მაგალითს, ხარისხის გაუმჯობესებასა და ინდუსტრიის საჭიროებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განვითარებისა და განხორციელებისათვის, რაც, სამომავლოდ, სტიმულს მისცემს სხვა ქართულ უნივერსიტეტებს მაქსიმალურად გამოიყენონ ერთმანეთის მეთოდური და ლაბორატორიული შესაძლებლობები საინჟინრო პროფილის საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირებისთვის.

კონკურენტული ინოვაციების ფონდი

gtu